რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აუცილებელ ნაბიჯებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გადადგამს
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აუცილებელ ნაბიჯებს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გადადგამს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აუცილებელ ნაბიჯებს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გადადგამს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

რუსეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის შეხვედრა სოჭში 22 ოქტომბერს არის დაგეგმილი. სწორედ ამ დღეს იწურება აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხუთდღიანი ვადა.

„ჩვენ ამ პროცესს პუტინთან განვიხილავთ და ამის შემდეგ აუცილებელ ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, ანკარამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. 17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფმა სირიელმა ქურთებმა 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.