რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნორვეგიაში NATO-ს წვრთნების ფარგლებში მომხდარი სკანდალის სამიზნე თურქეთი და თურქი ხალხი იყო
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნორვეგიაში NATO-ს წვრთნების ფარგლებში მომხდარი სკანდალის სამიზნე თურქეთი და თურქი ხალხი იყო

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ნორვეგიაში NATO-ს წვრთნების ფარგლებში მომხდარი სკანდალის სამიზნე არა ის, არამედ თურქეთი და თურქი ხალხი იყო.

ერდოღანმა NATO-ს ნდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი უთხრა ანკარას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების მიწოდებაზე.

თურქეთის ლიდერის თქმით, საპასუხოდ ანკარამ რუსული სისტემების შეძენაზე დაიწყო მოლაპარაკებები, ხოლო NATO-ში ამის გამო თურქეთის კრიტიკა დაიწყეს.
გუშინ, თურქეთმა ნორვეგიაში მიმდინარე NATO-ს წვრთნებიდან 40 სამხედრო მოსამსახურე უკან გაიწვია.

ამის მიზეზი კი თურქეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ქემალ ათათურქის „მტრების“ სტენდზე განთავსებული პორტრეტები გახდა, რომელიც ნორვეგიელი სამხედროს შეცდომას მოჰყვა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მომხდარის გამო თურქეთის ლიდერს ბოდიში ორჯერ მოუხადა.

ერდოღანის თქმით, ბოდიში საკმარისი არ არის. მისი შეფასებით, ეს პირად ან პარტიულ შეურაცხყოფად არ შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო თურქი ხალხის დამცირების პასუხად ის ყველაფრისთვის მზადაა.

თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის ოპოზიციურ ძალებს შექმნილ ვითარებაში მხარდაჭერისთვის. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი დაევალა თვალი ადევნოს მომხდარში დამნაშავეების დასჯის საკითხს, რადგან „მსგავსი ქმედებები მიუღებელია და მკაცრ რეაგირებას მოითხოვს“.