რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს 13 ნოემბერს ეწვევა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს 13 ნოემბერს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიზიტით 13 ნოემბერს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ამერიკის პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.

დონალდ ტრამპის თქმით, ბევრ ადამიანს ავიწყდება, რომ თურქეთი აშშ-ს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

„მათთან საქმის დაჭერა კარგია. ისინი იდლიბში ასობით ადამიანის გადარჩენაში დამეხმარნენ. ასევე, ჩემი თხოვნით ჯანმრთელად დააბრუნეს პასტორი ბრენსონი. ამასთან, გაიხსენეთ, თურქეთი ნატო-ს მნიშვნელოვანი წევრია,“ – წერს აშშ-ს პრეზიდენტი.

მანამდე, აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სატელეფონო საუბრის დროს გადაწყდა ერდოღანის აშშ-ში ვიზიტის დროც.