დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს
დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

თურქეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის საუბრის მთავარი თემა სირიაში დაგეგმილი ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნის საკითხი იყო.

როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის დროს უკმაყოფილება გამოთქვა, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება არ სრულდება.

ასევე, ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ის თეთრ სახლში მომავალ თვეში მიიწვია.

თეთრი სახლი დონალ ტრამპისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას არ აკეთებს.