რეფერალური დახმარების ავტომობილი, რომლითაც გერმანელი ტურისტი თბილისში გადმოჰყავდათ, ავარიაში მოყვა
რეფერალური დახმარების ავტომობილი, რომლითაც გერმანელი ტურისტი თბილისში გადმოჰყავდათ, ავარიაში მოყვა

რეფერალური დახმარების ავტომობილი, რომელსაც ბახმაროში დაშავებული გერმანელი ტურისტი თბილისში გადმოჰყავდა, ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მომხდარი ფაქტი პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა და ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაფორმდა.

როგორც პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რეფერალური დახმარების ავტომობილი, რომლითაც ტურისტი გადმოჰყავდათ, სამინისტროს არ ეკუთვნოდა, შესაბამისად, მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია. ჯანდაცვის სამინისტროში ასევე არ აქვთ ინფორმაცია, რომელი კომპანიის სასწრაფო დახმარების ავტომობილს გადმოჰყავდა დაშავებული ტურისტი.

ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროში თოვლზე სრიალისას გერმანელი ტურისტი, 43 წლის მამაკაცი დაშავდა. ის ჩოხატაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მამაკაცმა მკურნალობის გერმანიაში გაგრძელების სურვილი გამოთქვა, რა მიზნითაც ის თბილისში გადმოჰყავდათ.