„რედკოს“ დირექტორის მოადგილე - გვპირდებიან, რომ დღის განმავლობაში წყლის მიწოდება აღდგება, არ ვართ დარწმუნებული, რომ ასე იქნება
„რედკოს“ დირექტორის მოადგილე - გვპირდებიან, რომ დღის განმავლობაში წყლის მიწოდება აღდგება, არ ვართ დარწმუნებული, რომ ასე იქნება

წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით საკითხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ, – ამის შესახებ კომპანია „რედკოს“ დირექტორის მოადგილემ, მალხაზ კუნელაურმა განაცხადა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად არაერთი დაპირებისა წყალმომარაგება კვლავ არ არის აღდგენილი. მალხაზ კუნელაურის თქმით, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება სახანძრო მანქანების რეზერვუარების გამოყენებით ხდება.

რედკოს“ კომპლექსში დღეის მდგომარეობითაც წყლის მიწოდება არ არის აღდგენილი. ახლა ხდება სახანძრო მანქანებით რეზერვუარების შევსება და ასეთი ფორმით კორპუსებისთვის წყლის მიწოდება, მაგრამ იქაც ნაწილ კორპუსებს წყალი მიეწოდებათ და ნაწილს ვერ მიეწოდებათ. წყალმომარაგება ცენტრალური ქსელიდან არ აღდგენილა. იყო რაღაცა პერიოდი აღდგენილი, თუმცა ისევ შეწყდა წყალი. გვეუბნებიან, რომ მაგისტრალია გაყინული და სადღაც წყალი იღვრება და ეს უნდა აღადგინონ, მაგრამ ამდენი დრო აღარ გვაქვს და მინდა ვთხოვო შესაბამის უწყებებს, რომ ჩაერთონ მაქსიმალურად, შეისწავლონ მათ შორის ის საკითხი, რა მოხდა. ასე არ შეიძლება ყველაფერი ახალ წელს დაქცეულიყო. შესაძლებელია, რაიმე სხვას ქონდეს აქ ადგილი და შესაბამისმა ორგანოებმა ეს საკითხიც უნდა შეისწავლონ, ამას ყველაფერს განმარტება სჭირდება.

კომპანია „რედკოს“ წარმომადგენელი აცხადებს, შექმნილი ვითარების გამო კომპლექსი ტურისტებმა დატოვეს.

„მე არაფერს გამოვრიცხავ. ფაქტია, ახალი წლის დღეებში, როდესაც ყველაზე მეტი ტურისტი იყო ჩამოსული, ამ პერიოდში 31 დეკემბრიდან დღემდე წყალი, რომელიც აუცილებელი არის მოხმარებისთვის, იმისთვის რომ უბრალოდ საყოფაცხოვრებო პირობები გქონდეს, არ არის. შესაბამისად უამრავი ტურისტი წავიდა, სეზონი ჩავარდა. ის ფული, რომელიც უნდა დახარჯულიყო ქვეყანაში, აღარ დაიხარჯა. ის იმიჯიც, რომელიც შევქმენით ტურისტებისთვის, გახდა სავალალო, თავი რომ დავანებოთ ბიზნესი რამხელა ზარალს იღებს ამ სიტუაციიდან. ამიტომ ეს რისი ბრალია ამაზე უნდა იქნეს პასუხი გაცემული, უნდა იქნეს შესწავლილი, ამდენი ხნის განმავლობაში ამდენი დაზიანება როგორ აღმოჩნდა ქსელზე.

ჩვენ მუდმივად ვიღებთ დაპირებას ასეთ რეჟიმში, რომ ძალიან მალე იქნება წყალი. ჩვენც შესაბამისად ვაწვდით ტურისტებს ამ ინფორმაციას, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ყველა ეს ჩვენი მიწოდებული ინფორმაცია აღმოჩნდა მცდარი. შესაბამისად, მათი მხრიდან ნდობის ხარისხი აღარ არის და ისინი ტოვებენ კურორტს. განსაკუთრებით რთულია ეს ყველაფერი აუხსნა უცხოელ ტურისტს, რომლებიც მრავლად გვყავდა, რასთან გვაქვს საქმე. საბოლოო ჯამში მათ მიზეზიც აღარ აინტერესებთ, რადგან როდესაც ტუალეტს ვერ გამოიყენებ და წყალს ვერ გადაივლებ ამდენი ხანი იქ ყოველგვარი ახსნა ზედმეტია. ახლაც გვპირდებიან, რომ დღის განმავლობაში აღდგება წყლის მიწოდება, მაგრამ არ ვართ დარწმუნებულები, რომ ასე იქნება“, – განაცხადა მალხაზ კუნელაურმა.

გუდაურში „რედკოს დასახლებას“ წყალმომარაგების პრობლემა რამდენიმე დღის წინ შეექმნა. წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გუდაურში წყლის მიწოდების აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს.