მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი გერშონ იაბუსელე ახლოს არის NBA-ში დაბრუნებასთან. ცნობილი ინსაიდერის, შემს ჩარანიას ინფორმაციით, იაბუსელე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მადრიდული კლუბიდან „ფილადელფიის“ რიგებში გადასასვლელად.
ფრანგის კონტრაქტი „რეალთან“ ითვალისწინებს 2.5 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდს, რომელსაც კალათბურთელი თავად გადაიხდის „სიქსერზთან“ ხელეკრულების გაფორმებამდე.
პარიზის ოლიმპიადაზე იაბუსელე საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის საშუალოდ მატჩში 14.0 ქულასა და 3.3 მოხსნას აგროვებდა, რაც მის გუნდს ვერცხლის მედლის მოპოვებაში დაეხმარა. განსაკუთრებით ეფექტური ფორვარდი პლეი ოფის მატჩებში იყო, როცა კანადის, გერმანიისა და აშშ-ის წინააღმდეგ საშუალოდ 19.6 ქულა მიითვალა.
იაბუსელეს NBA-ში ორი სეზონი აქვს გატარებული „ბოსტონ სელტიქსის“ რიგებში, მაგრამ არ ჰქონდა მუდმივი ადგილი შემადგენლობაში. ფრანგი „რეალში“ 2021 წლიდან თამაშობს და ამ გუნდთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი და ევროლიგა მოიგო.