„რეალი“ ლა ლიგის პრეზიდენტის ცვლილების მოწოდებით გამოვიდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალმა“ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მკვეთრად გააკრიტიკა. ფუნქციონერი „სამეფო კლუბის“ სისტემატურ დისკრედიტაციასა და მთლიანად ესპანური ფეხბურთის იმიჯისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულეს.
მანამდე ტებასმა განაცხადა, რომ გაგებით ეკიდება კლუბის პრეტენზიებს მსაჯობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიუღებელია პროტესტის გამოხატვის ფორმა.
შეახსენებთ, რომ ლა ლიგას მეშვიდე ტურში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ „“რეალის“ კაპიტანს ფედერიკო ვალვერდეს კოჭის არეში ფეხი დააბიჯა კან-ინ ლიმ. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათითაც არ დასაჯა კორეელი ფეხბურთელი.
„ჩვენი კლუბისთვის მიუღებელია ის, რომ ლა ლიგას პრეზიდენტი თავის სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებს იმისთვის, რათა საჯარო გამოსვლებში „რეალის“ დისკრედიტაცია და მასზე თავდასხმები გააგრძელოს. ასევე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელსაც ლა ლიგის ყველა კლუბის ინტერესების წარმოდგენა და დაცვა ევალება, მუდმივად შეპყრობილია „რეალზე“ თავდასხმებით და ჩვენს კლუბს თავისი საჯარო შეტევების მუდმივ ობიექტად აქცევს.
მისი ბოლო გამონათქვამები განსაკუთრებით სერიოზული და გაუგებარია. ეს არის უღირსი და შეუფერებელი საქციელი პასუხისმგებლობის მქონე მენეჯერისთვის, რადგან განცხადებები გაკეთდა ციფრულ მედიაში დამოუკიდებელი ჟურნალისტის სტატიის საპასუხოდ. ის ჩვენი კლუბის წინააღმდეგ გამოდის და იქამდეც კი მიდის, რომ კომენტარს აკეთებს ჩვენს სპორტულ სტრატეგიაზე, რაც სრულიად უადგილო და უპასუხისმგებლოა.
სრულიად გასაოცარია, რომ ლა ლიგის პრეზიდენტი თავის დროსა და პირად რესურსებს „რეალის“ საჯარო დისკრედიტაციის მუდმივ მცდელობებზე ხარჯავს, იმის ნაცვლად, რომ, საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში, ხელი შეუწყოს იმ ინსტიტუტებისადმი ნდობის განმტკიცებას, რომლებმაც ტურნირის მიუკერძოებლობა უნდა უზრუნველყონ. ამით ის კვლავაც აყენებს ზიანს ჩვენი ჩემპიონატისა და მთლიანად ესპანური ფეხბურთის იმიჯის მთელი მსოფლიოს თვალში.
ამ შეუფერებელი ქცევის გათვალისწინებით, რაც უკვე დიდი ხანია გრძელდება, მიგვაჩნია, რომ ესპანეთის პროფესიულ ფეხბურთს სასწრაფოდ სჭირდება ლიდერი, რომელსაც მისი მართვა და სრული პოტენციალის ათვისება შეეძლება, ამასთანავე იკისრებს ნეიტრალურობის ფუნდამენტურ მოვალეობას. საჭიროა ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის თავისი როლი, ვინაიდან ლა ლიგას პრეზიდენტი ტურნირის მფლობელი კი არა, იმ კლუბების სამსახურში მყოფი მენეჯერია, რომლებიც მის შემადგენლობაში შედიან და მას ხელმძღვანელობას ანდობენ. კლუბებს სჭირდებათ ადამიანი, რომელიც ამ მისიას პატიოსნად შეასრულებს“, – ნათქვამია „რეალის“ განცხადებაში ოფიციალურ საიტზე.