რატი იონათამიშვილი - ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ
რატი იონათამიშვილი - ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატის, ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, ადვოკატის განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა შეუძლებელია.

„სოციალური ქსელების მომხმარებლებმა იციან, რომ არსებობს ინტერნეტხუმრობა, რომელიც იწყება სიტყვებით, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს… შემდეგ კი ამას ყოველდღიური ბანალური ჭეშმარიტება მოჰყვება. ჰოდა ზვიად კორძაძის პრესკონფერენციიდან ერთი მარტივი ჭეშმარიტება გავიგეთ, რომ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ადამიანებს თითის ანაბეჭდი ჰქონიათ. მისი განცხადებიდან სხვა დასკვნის გამოტანა ნამდვილად შეუძლებელია“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღეს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ინგლისში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

საუბარია წერილზე, რომელზეც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 4 მარტს, პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ხაზარაძის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.