რატი იონათამიშვილი - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან აგრესიის, ძალადობისა და შეურაცხმყოფელი ქმედების წახალისება ხდება
რატი იონათამიშვილი - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან აგრესიის, ძალადობისა და შეურაცხმყოფელი ქმედების წახალისება ხდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან აგრესიის, ძალადობისა და შეურაცხმყოფელი ქმედების წახალისება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ კომენტარით იონათამიშვილი თანაგუნდელ ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

„თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ ხდება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან აგრესიის, ძალადობისა და შეურაცხმყოფელი ქმედების წახალისება. სულ ცოტა ირიბად, ცხადია, ეს არის წახალისება მათი აქტივისტებისთვის, რომ ყველაზე ზღვარგადასული და უღირსი საქციელით გამოირჩეოდნენ. თითოეული მათგანი ვალდებულია, გაემიჯნოს, დაგმოს  არა მხოლოდ ეს საქციელი, არამედ მთლიანად აგრესიის პოლიტიკა, რომლის ადგილი ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში ნამდვილად არ არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილი ამბობს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ბაკურიანში მომხდარ ფაქტზე დაკავებული პირი „ლელოს“  აქტივისტია.

„ეს ადამიანი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არის „ლელოს“ აქტივისტი, ის არის უღირსი ადამიანი, რადგან ადამიანს, რომელიც სამ არასრულწლოვან ბავშვთან ერთადაა, საჯაროდ, ხალხის წინაშე ემუქრები, ბავშვებს შეურაცხყოფას აყენებ, ეს არაფერში წერია, ყველაზე უღირსი და მდაბიო საქციელია. ამიტომ, მას აუცილებლად უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, რატი იონათამიშვილი უპასუხისმგებლოს უწოდებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული პირი, ადრე „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

„როდესაც საქმე გვაქვს ისეთ მდაბიო საქციელთან, რომელზეც თითოეული ჩვენგანი უნდა აღვშფოთდეთ, ერთნაირი რეაქცია გვქონდეს, ამ დროს რომ ვინმე გარკვეული პოლიტიკური ქილიკის დაწყებას ცდილობს, ეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველზე უღირსი საქციელი და რეაქციაა. ვინც ბედავს და ასე იქცევა, უნდა ხვდებოდეს და აცნობიერებდეს იმასაც, რომ მისი ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად არ არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილს ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში მიაყენა, სადაც დეპუტატი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.