რატი იონათამიშვილი - სუს-მა მოსალოდნელი საფრთხე ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე აიცილა თავიდან
რატი იონათამიშვილი - სუს-მა მოსალოდნელი საფრთხე ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე აიცილა თავიდან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აიცილა ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სუს-ის მიერ რუსეთის მოქალაქის ვასამბეკ ბოკოვის დაკავების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც იონათამიშვილმა განაცხადა, უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი ის არის, რომ საზოგადოების დაზაფვრის გარეშე აღკვეთოს დანაშაული.

„მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და დადგინდება, ვის ინტერესში იყო, რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული დანაშაულის დაგეგმვა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.