რატი იონათამიშვილი - როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ყველაზე მეტი საფრთხე ახალი ოპოზიციური პარტიებისგან იგრძნეს
რატი იონათამიშვილი - როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ყველაზე მეტი საფრთხე ახალი ოპოზიციური პარტიებისგან იგრძნეს

როგორც ჩანს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ოპოზიციური პარტიებისგან ყველაზე მეტად საფრთხე იგრძნეს, რადგან სინამდვილეში, საპარლამენტო ბოიკოტი მიზნად მათ რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა და სხვას არაფერს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ეს ქმედება გასაკვირი არ არის, რადგან მათ ასეთი არასახელმწიფოებრივი მიდგომები და პრინციპები ყოველთვის ჰქონდათ.

რაც შეეხება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას კომპრომატებთან დაკავშირებით, იონათამიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ რესურს ახმარდა, სწორედ კომპრომატების შეგროვება იყო როგორც ოპონენტების, ასევე საკუთარი გუნდის წევრების მიმართ.

იონათამიშვილის თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელ საქართველოში კომპრომატებით არავის არაფრის მიღწევის საშუალება არ აქვს.

„რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებას შანტაჟზე, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ რესურს ახმარდა, სწორედ კომპრომატების შეგროვება იყო როგორც ოპონენტების, ასევე საკუთარი გუნდის წევრების მიმართ. მათგან არაფერი გაგვიკვირდება, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ დღევანდელ საქართველოში კომპრომატებით არავის არაფრის მიღწევის მცირედი შანსიც კი აღარ აქვს. ამიტომ, თუ ვინმე გაბედავს მსგავსი უღირსი საქციელით გარკვეული მიზნების მისაღწევად ნაბიჯის გადადგმას, ჩვენს საზოგადოებას ექნება ძალიან მკაცრი პასუხი. თითოეული ადამიანი ვალდებულია, ხმამაღლა ილაპარაკოს, თუ მსგავსი უღირსი ქცევები იქნება ვინმეს მხრიდან დაშვებული”, – განაცხადა იონათმიშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კომპრომატები ჰქონდეთ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის.