რატი იონათამიშვილი - მოქმედი, თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, მართლმსაჯულების წინაშე ყველა თანაბარი ვართ
რატი იონათამიშვილი - მოქმედი, თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, მართლმსაჯულების წინაშე ყველა თანაბარი ვართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, როცა ადამიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დგება, თუმცა სოციალური და პოლიტიკური სტატუსი არ არის იმუნიტეტი.

ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი გიგი უგულავას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებაში იქნება თუ ოპოზიციაში, თუ ადამიანს კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, მან პასუხი უნდა აგოს.

„ცხადია, ამ გადაწყვეტილებას სასამართლო შესაბამისი დასაბუთებით იღებს. მნიშვნელობა არ აქვს, პირი არის მოქმედი, თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი. მართლმსაჯულების წინაშე ყველა თანაბარი ვართ“ ,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამასთან, იონათამიშვილის აზრით, გიგი უგულავას საკითხის მიბმა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების რაუნდებთან, არასწორია.

„ამ საკითხის მიბმა მოლაპარაკებების რაუნდებზე, ერთმანეთთან კავშირში არ არის და ვისაც ამის მიბმა სურს, ის ან მოლაპარაკებების მნიშვნელობას ვერ აფასებს ან განზრახ მიზეზებს ეძებს, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდეს და კონსტრუქციული არ იყოს. მოლაპარაკება ის პასუხისმგებლობაა, რაც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა გააჩნდეს. ვატყობდით, რომ მათში მოლაპარაკებებზე ერთსულოვნება არ იყო, ზოგი 100/50-ზე დათანხმებას ფიქრობდა, ზოგს სხვა წინადადების შეთავაზება უნდოდა, ზოგი „გერმანულ მოდელზე“ გამოხატავდა სიმპატიას“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ წევრ, გიგი უგულავას სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.