რატი იონათამიშვილი – მაინტერესებს იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს ლგბტ დღის წესრიგის გატარებას არ სთხოვდნენ, საზოგადოებას რატომ ატყუებდნენ?
მაინტერესებს იმ ადამიანების რეაქცია, რომლებიც საზოგადოებას ატყუებდნენ და ამბობდნენ, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს ლგბტ დღის წესრიგის გატარებასა და პროპაგანდას არ სთხოვდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„რა უფლება აქვთ ევროპელ ბიუროკრატებს, ქართულ ეკლესიაზე ასე ილაპარაკონ? ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს ისტორიას, სახელმწიფოებრიობას პატივს არ სცემენ, რაც ყოვლად დაუშვებელია. მეორე მხრივ, იმ ადამიანების რეაქცია მაინტერესებს, რომლებიც საზოგადოებას ატყუებდნენ და ამბობდნენ, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს ლგბტ დღის წესრიგის გატარებასა და პროპაგანდას არ სთხოვდნენ. საინტერესოა, მათ რა ახსნა და განმარტება ექნებათ. საზოგადოებას რატომ ატყუებდნენ? მათ ეს კარგად იცოდნენ, რადგან ამ დღის წესრიგის ნაწილიც იყვნენ. ისინი პირადი კეთილდღეობისთვის ქვეყანას ყველაფერს დამართებდნენ და ყველაფერზე მოაწერდნენ ხელს, მაგრამ ჩვენი ეკლესია და სახელმწიფო ყოველთვის იდგა და იდგება ხალხის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „2023 წელს ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვთხოვა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებების პოპულარიზაციაში დავხმარებოდით, მიიჩნევდა, რომ ქართული საზოგადოება ტენდენციებს ჩამორჩა“. ამავე ინტერვიუში ჯაღმაიძემ ასევე განაცხადა: „2019 წელს კონფერენციაზე მიხაელ როთს ვკითხე, იქნება თუ არა მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და ა.შ. განხორციელდეს, მან გვითხრა, ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები ეს არისო“.