რატი იონათამიშვილი - არჩევნები ჩატარდება მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და საქართველოსთვის ეს მორიგი წარმატება იქნება
რატი იონათამიშვილი - არჩევნები ჩატარდება მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და საქართველოსთვის ეს მორიგი წარმატება იქნება

მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები ახლოვდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრემიერსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანია, საპარლამენტო არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.

„მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები ახლოვდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მიზანი არის, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულობის, გამჭირვალეობისა და სიმშვიდის მაღალი სტანდარტით. ამითვის ყველაფერს გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია ეცდება რადიკალიზაციას და გარკვეული არეულობის შემოტანას. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. მათ ამის რესურსი არ აქვთ, ასე რომ, არჩევნები ჩაივლის მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და საქართველოსთვის ეს მორიგი წარმატება იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.