რატი იონათამიშვილი ადასტურებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის  პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება
რატი იონათამიშვილი ადასტურებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის  პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ადასტურებს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის  პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.

იონათამიშვილის თქმით, ამ საკითხზე გარკვეული კონსულტაციები გაიმართა.

„გარკვეული კონსულტაციები იყო. მოგეხსენებათ, ფრაქციის თავმჯდომარის არჩევის საკითხი რეგულირდება ფრაქციის დებულების მეშვიდე მუხლით. შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარის კანდიდატურის წაყენების უფლება გააჩნია ფრაქციის სრული შემადგენლობის 1/3-ს, ხოლო არჩევისთვის აუცილებელია ფრაქციის სრული შემადგენლობის 1/2-ის მხარდაჭერა. დაველოდოთ ფრაქციის სხდომას, სადაც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თვითმიზანი არასდროს არ არის რაიმე თანამდებობა. ნებისმიერი თანამდებობა არის მხოლოდ საშუალება, რომ ვემსახუროთ ჩვენს მოსახლეობას“ ,- განაცხადა იონათამიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, რატი იონათამიშვილი ერთ-ერთი დეპუტატია, ვისი კანდიდატურაც ფრაქციის ხელმძღვანელის პოსტზე სახელდება.

ამჟამად, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ვიცე-სპიკერისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტი დაიკავოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიცია კი ამ დროისთვის გია ვოლსკის უკავია, თუმცა მან შესაძლოა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შეცვალოს.