რატი ამაღლობელი - მთელი ქართული მწერლობა ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში გამოსული მოძალადეებისგან
რატი ამაღლობელი - მთელი ქართული მწერლობა ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში გამოსული მოძალადეებისგან

ზვიად რატიანის საქმე უნდა იქცეს ყველა აქამდე საშინლად დაჩაგრული ხალხისთვის გამამხნევებელ მაგალითად, – ამის შესახებ პოეტმა რატი ამაღლობელმა ზვიად რატიანის მხარდასაჭერ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც რატი ამაღლობელმა აღნიშნა, როდესაც დაკავების შემდგომ მშვიდობიანი მოქალაქე 4 საათის განმავლობაში მორალური ზეწოლის, წნეხის და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ამის წინააღმდეგ გამოვა ყველა.

“ზვიადის ეს საქმე უნდა იქცეს ყველა აქამდე საშინლად დაჩაგრული ხალხისთვის გამამხნევებელ მაგალითად და მომავალში რომ არ დაიჩაგრონ ადამიანები ქუჩაში გამოსული მოძალადეების მიერ. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი ამბავი და ამ ამბავს ჩვენ ბოლომდე ჩავყვებით, ჩავყვებით იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი ადამიანის დაცვა, ეს არის საზოგადოების ფუნდამენტური უფლების დაცვა , როდესაც დაკავების შემდგომ მშვიდობიანი მოქალაქე 4 საათის განმავლობაში მორალური ზეწოლის, წნეხის და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, აი, ამის წინააღმდეგ გამოვდივართ. დროა, დაივიწყოთ საბჭოთა მილიციის სტალინური მეთოდები, ახლა არის 21-ე საუკუნე და სხვანაირად უნდა ებრძოლოთ კრიმინალს, სადაც მთელი საზოგადოება დაგიდგებათ გვერდში და აი, ამ სადისტური ფორმებით ამ შეთითხვნებით. ეს ის ხალხია, რომლებიც წლების მანძილზე ადამიანებს უკანონოდ უდებდა ხან იარაღს, ხან ნარკოტიკს, აი, ეს ხალხია, რომელიც სცემდა ზვიად რატიანს. მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, ფიზიკურად ის არის მაგარი ნაცემი. ჩვენ თანმიმდევრულად, იურისტებთან კონსულტაციით, მთელი ქართული მწერლობა ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ქუჩაში გამოსული მოძალადეებისგან, რომელსაც დღეს ზურგს უმაგრებს სახელმწიფო. ეს არის ჩვენი პოზიცია და აქ ვდგევართ ბოლომდე”, – განაცხადა რატი ამაღლობელმა.

პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში მორიგი განცხადება გაკეთდა.

როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ზვიად რატიანი სამართალდამცველებმა საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს.

მისივე თქმით, არსებობს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, თუმცა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მასალა მძიმე საყურებელია და სურვილის შემთხვევაში უწყება მზადაა რატიანს აღნიშნული მასალა გააცნოს.