რას ამბობდა 2011 წელს გრიგოლ ვაშაძე ფოტოგრაფების საქმეზე (ვიდეო არქივიდან)

პირველმა არხმა მოიძია საარქივო ვიდეომასალა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 2011 წლის ივლისში ფოტოგრაფების დაკავების საქმეზე საუბრობს. ვიდეომასალა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში 2011 წლის 18 ივლისის 15:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.

2011 წელს გაკეთებულ კომენტარში იმ პერიოდის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს: „თქვენ იცით, რომ საქმეში არის უკიდურესად მძიმე მტკიცებულებები, ეს მტკიცებულებები წარედგინება სასამართლოს, მეორე – სულ ყველა ბრალდებულებმა მისცეს აღიარებითი ჩვენებები. მე უკვე ნათქვამი მქონდა თქვენს წინა შეხვედრაზე, რომ ეს ასეც მოხდება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმეში არის უკიდურესად მძიმე მტკიცებულებები. რაც შეეხება  ე.წ. ზოგიერთი ჩვენი მასმედიის, ჩვენი პრესის რეაქციას, სიმართლე გითხრათ, ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან იძლევიან სრულიად უსაფუძვლო შეკითხვებს, მაგალითად, იმას ჰქონდა დაშვება, თუ არა. გეგონება, ჯაშუში მოქმედებს იმის მიხედვით, რაზე აქვს დაშვება, ან არა. ისიც მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჩვენს სამართალდამცველებს ბოდიშს ჟურნალისტები მაშინ, როდესაც სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც ახლა საქმეშია“.

დღეს ფოტორეპორტიორებმა ნათია და ირაკლი გედენიძეებმა ერთ-ერთი საინფორმაციო საშუალების 2011 წლის 18 ივლისის მასალა გაავრცელეს, სადაც მაშინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მათ მძიმე ბრალდებებს უყენებდა.

მათ საპასუხოდ დღეს გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ფოტოგრაფების საქმეზე მსგავსი რამ არასდროს უთქვამს.

„არასოდეს ეს არ მითქვამს. ნუ ამახინჯებთ ჩემს ციტატებს. არასოდეს ასეთი რამ არ მითქვამს, არასდროს. მე ვიძახდი, რომ სამართალდამცავები და პროკურატურა ამბობს, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები და ისინი გაერკვევიან ამ საქმეში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.