გრიგოლ ვაშაძე - წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე  
გრიგოლ ვაშაძე - წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე  

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.

„ვინ არის გიორგი აბდალაძე?“ – მიმართა ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატმა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა აბდალაძის ვინაობა შეახსენა, ვაშაძემ აღნიშნა: „წარმოდგენა არ მაქვს. ჯერ ერთი, ეს ადამიანი არასოდეს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და იყო შრომითი ხელშეკრულებით ჩვენთან. მეორეც ერთი, მან უნდა მიმართოს პროკურატურას, თუ რამე კითხვები აქვს“,  – აღნიშნა ვაშაძემ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის 2011 წლის განცხადებას,  რომ ფოტოგრაფების საქმეში არსებობდა მყარი მტკიცებულებები მათ დანაშაულზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ამას დეზინფორმაციას უწოდებს.

„არასოდეს ეს არ მითქვამს. ნუ ამახინჯებთ ჩემს ციტატებს. არასოდეს მითქვამს, არასოდეს ასეთი რამ არ მითქვამს. მე ვიძახდი, რომ სამართალდამცავები და პროკურატურა ამბობს, რომ არსებობს მყარი მტკიცებულებები და ისინი გაერკვევიან ამ საქმეში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „ტელეიმედის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ ფოტორეპორტიორების (ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე) დაკავების საქმე გაიხსენა და აღნიშნა: „გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში“.

ამასთან, დღეს ირაკლი და ნათია გედენიძეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ 2011 წლის 18 ივლისის ინფორმაცია: „გრიგოლ ვაშაძის თქმით, ფოტორეპორტიორების საქმეში არსებობს უმძიმესი მტკიცებულებები, რომლებიც წარედგინება სასამართლოს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულებმა უკვე მისცეს აღიარებითი ჩვენებები. „მაინტერესებს, მოუხდიან თუ არა ჟურნალისტები ბოდიშს სამართალდამცველებს, როცა სასამართლოში გამოაშკარავდება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც საქმეში არსებობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს.

სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.