„რაპიდის“ სპორტული დირექტორი - ტიერი გეილი საინტერესო მოთამაშეა #1TVSPORT
გავრცელებული ინფორმაციით, „დილას“ ბარბადოსელ თავდამსხმელი, ტიერი გეილი ვენის „რაპიდში“ ითამაშებს. ის ვენაში პარასკევს უნდა ჩასულიყო, სამედიცინო შემოწმება გაევლო და „რაპიდთან“ კონტრაქტი გაეფორმებინა – ეს ინფორმაცია ბარბადოსის ფეხბურთის ასოციაციის მედია-დირექტორმა გაავრცელა.
ავსტრიულმა გამოცემა laola1-მა კლუბის სპორტული დირექტორის, მარკუს კაცერის კომენტარი გამოაქვეყნა. კაცერმა „დილას“ გარემარბის შესაძლო ტრანსფერზე კონკრეტული საუბარისგან თავი შეიკავა.
„ის ჩვენთვის საინტერესო ერთ-ერთი მოთამაშეა, მაგრამ ჯერ ბევრი არაფერია სათქმელი. მედიაში ბევრი რამ იწერება, მაგრამ მათგან ბევრი რამ გადაჭარბებულია. ვმუშაობთ და ვსწავლობთ ბაზარს, ბოლო რამდენიმე დღეა, სხვას არაფერს ვაკეთებ“, – განაცხადა „რაპიდის“ სპორტულმა დირექტორმა.
გავრცელებული ინფორმაციით, „რაპიდმა“ გორის „დილასთან“ უკვე სატრანსფერო თანხაც შეათანხმა – გეილის სანაცვლოდ ავსტრიელები დაახლოებით 1,7 მილიონი ევროს გადაიხდიან.