ავსტრიული გამოცემა – „რაპიდმა“ გეილი შეიძინა და „დილას“ 700 ათას ევროს გადაუხდის #1TVSPORT
ავსტრიული გამოცემა – „რაპიდმა“ გეილი შეიძინა და „დილას“ 700 ათას ევროს გადაუხდის #1TVSPORT

გორის „დილას“ გარემარბი ტიერი გეილი ავსტრიულ კლუბ „რაპიდში“ გადავიდა – ინფორმაციას ავსტრიული გამოცემა sportsmax.tv ავრცელებს.

„ბარბადოსელი თავდამსხმელი ტიერი გეილი ვენის „რაპიდში“ გადავიდა. ის ავსტრიულმა კლუბმა ქართული კლუბიდან, გორის „დილადან“ დაიმატა. გეილმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვენის „რაპიდი“ ქართულ კლუბს 700 ათას ევროს გადაუხდის“, – ამტკიცებს sportsmax.tv-ი.

კიდევ ერთი ავსტრიული გამოცემის, laola1-ის ინფორმაციის ფონზე, დასახელებული თანხა მოულოდნელია. გამოცემა წერდა, რომ ტიერი გეილი ვენაში 25 აგვისტოს უნდა ჩასულიყო, სამედიცინო შემოწმება გაევლო და „რაპიდთან“ კონტრაქტი გაეფორმებინა. ავსტრიელები „დილას“ ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 1,7 მილიონ ევროს გადაუხდიდნენ.

21 წლის ტიერი გეილმა პროფესიული კარიერა ბარბადოსში დაიწყო. 2020 წელს ბუდაპეშტის „ჰონვედში“ გადავიდა, 2022 წელს კი კონტრაქტი გორის „დილასთან“ გააფორმა.

ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ნიჭიერმა ფლანგის მოთამაშემ გორის „დილას“ შემადგენლობაში სხვადასხვა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. გეილის დებიუტი ბარბადოსის ნაკრებში 2018 წელს შედგა – სულ კი ეროვნულ გუნდში 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.