„დილას“ განმარტება გეილის ტრანსფერზე - სატრანსფერო თანხა 660 ათასი ევროა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს ბუდაპეშტის „ჰონვედი“ მიიღებს #1TVSPORT
„დილას“ განმარტება გეილის ტრანსფერზე - სატრანსფერო თანხა 660 ათასი ევროა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს ბუდაპეშტის „ჰონვედი“ მიიღებს #1TVSPORT

გორის „დილამ“ განცხადება გაავრცელა ვენის „რაპიდში“ ტიერი გეილის გადასვლასთან დაკავშირებით და სატრანსფერო თანხის ოდენობაზე განმარტება გააკეთა.

„გორის „დილამ“ ვენის „რაპიდთან“ შეთანხმებას მიაღწია ტიერი გეილის ტრანსფერთან დაკავშირებით. ტრანსფერის თანხა 660 ათას ევროს შეადგენს, რომელსაც კლუბს ეტაპობრივად 2023-2025 წლების სეზონებში გადუხდიან.

ტიერი „დილამ“ უფასოდ დაიმატა ბუდაპეშტის „ჰონვედიდან“, რომელიც ამ ტრანსფერიდან ​მნიშვნელოვან თანხას მიიღებს, რადგან უნგრულმა კლუბმა მომავალი გაყიდვიდან სატრანსფერო უფლებები შეინარჩუნა.

ტიერი აღმოაჩინა საერთაშორისო სკაუტურმა პლატფორმამ, STARI-მ, რომელიც, გორის „დილას“ გარდა, ექსკლუზიურად თანამშრომლობს ისრაელის ჩემპიონთან, ჰაიფას „მაკაბისთან“. ამ სკაუტურმა კომპანიამ წარსულში „დილაში“ სხვა გამორჩეული ლეგიონერებიც მოიყვანა – მათ შორის ლეანდრო რიბეირო და უსმან კამარა.

ტიერიმ „დილაში“ ჩატარებულ 74 მატჩში 16 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა მიითვალა. მან დიდი პროგრესი განიცადა ჩვენს კლუბში, მადლობას ვუხდით გუნდის წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

დარწმუნებული ვართ, რომ გეილი გააგრძელებს თავისი გამორჩეული ნიჭის ჩვენებას მსოფლიოს წინაშე და ქართულ კლუბს ამაყად წარმოაჩენს. მადლობა, ტიერი“, – წერია გორის „დილას“ განცხადებაში.