საერთაშორისო ავიაკომპანიები ერაყისა და ირანის საჰაერო სივრცეში ფრენას წყვეტენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ფრანგულმა „ეარ ფრანსმა“. ასევე, რეისების განხორციელებას წყვეტს გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“.
განცხადება გაკეთდა ტაივანისა და მალაიზიის ავიახაზებშიც. კომპანიებში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, ფრენები ამ ორი ქვეყნის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით განხორციელდება.
ირანმა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. პენტაგონის ინფორმაციით, რაკეტები გაუშვეს აინ ალ-ასადის ავიაბაზისა და ერბილის აეროპორტის მიმართულებით. ირანის სარაკეტო დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ ლიკვიდირებული ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს.