რამადანის დასრულების აღსანიშნავად, რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. „თალიბანის“ პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, თალიბები „მტრის ძალებს თავს არ დაესხმებიან“, თუმცა პოტენციური საფრთხის წინაშე, თავდაცვის უფლებას იტოვებენ.
პარალელურად, ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყნის ძალოვან უწყებებს დაავალა, რომ „თალიბების“ მხრიდან ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირონ.
ავღანეთში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. „ტოლო ნიუსი“ წერს, რომ 29 თებერვალს დოჰაში, აშშ-სა და „თალიბანს“ შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ, ქვეყანაში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა. გამოცემა წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ავღანეთის მთავარ ქალაქებში არაერთი თავდასხმა მოხდა, მათ შორის, ქაბულსა და ნანგარჰარში. ორივე შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
„თალიბები“ თავდასხმებს არ ადასტურებენ, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება თავდასხმებზე პასუხისმგებლობას სწორედ „თალიბანს“ აკისრებს.