რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

23 სექტემბერს ტულუზში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრას პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.

პორტუგალიის ნაკრები საქართველოსთვის უცხო მეტოქე არ არის. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე „ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას აქამდე 25-ჯერ შეხვდნენ, 18 თამაში ქართველების მოგებით დასრულდა, ოთხჯერ პორტუგალიელებმა გაიმარჯვეს, სამი შეხვედრა კი ფრედ დამთავრდა.

პორტუგალიამ მოიგო სულ პირველი, 1997 წელს გამართული თამაში და შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი 2003-2005 წლებში. მას შემდეგ, სამი ფრედ დასრულებული თამაშის გარდა (2006, 2009 და 2022 წლებში), საქართველომ 15-ში გაიმარჯვა.

„ბორჯღალოსნები“ პორტუგალიას ბოლოს 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შეხვდნენ და 38:11 დაამარცხეს.

პორტუგალია მსოფლიო თასზე მეორედ თამაშობს. პირველად მათ ამის გაკეთება 2007 წელს მოახერხეს და მაშინ ჯგუფში ოთხივე თამაში წააგეს – შოტლანდიასთან 10:56; ახალ ზელანდიასთან 13:108; იტალიასთან 5:31 და რუმინეთთან 10:14.

საქართველოს ნაკრების დღევანდელი მეტოქე მიმდინარე მსოფლიო თასზე მეორე მატჩს ატარებს. პირველ შეხვედრაში, 16 სექტემბერს ისინი უელსთან 8:28 დამარცხდნენ.

დღევანდელი შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია. პორტუგალიელები არ მალავენ, რომ მსოფლიო თასზე საქართველოსთან მოგება მათი მთავარი ამოცანაა. თავის მხრივ, ლევან მაისაშვილის გუნდს საფრანგეთში მინიმუმ ორი თამაშის მოგება აქვს მიზნად დასახული.

პორტუგალიასთან მერაბ შარიქაძე საქართველოს ნაკრებს 50-ედ უკაპიტნებს, ხოლო გელა აფრასიძე, ნოდარ ჭეიშვილი და გიორგი კვესელაძე 50-ე სანაკრებო კეპს მოიხვეჭენ.

ლევან მაისაშვილი: „მეტოქისგან ყველაფერს ველით, რისი რესურსიც აქვს. პორტუგალიელებმა ძალიან კარგად იციან, რომ დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთონ. მათ კარგად შეუძლიათ სწრაფი თამაში. ჩვენთან შეხვედრის რეპეტიცია რაგბი ევროპის ფინალზე სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, იმ მატჩში ჩვენ უფრო სოლიდურად გამოვიყურებოდით.

მაგრამ ახლა სულ სხვა თამაში იქნება. მსოფლიო თასზე სხვა გუნდია, განსხვავებული მომზადებით. არ დაგვავიწყდეს, რომ მათი სამიზნე საქართველოს ნაკრებია – ჩვენთან მოსაგებად ემზადებიან. ჩვენ კი ვეცდებით, ჩვენი ძლიერი მხარეები დავახვედროთ“.

C ჯგუფს 10 ქულით უელსის ნაკრები ლიდერობს, 6-6 ქულით მეორე-მესამე ადგილებს ფიჯი და ავსტრალია ინაწილებენ. საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები კი პირველი ქულების მოპოვებას ერთმანეთთან მატჩში შეეცდებიან. ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადის.

საქართველო – პორტუგალია. 23 სექტემბერი, 16:00. Live პირველ არხზე


საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა („შავი ლომი“), 10. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 9. გელა აფრასიძე („ბეიონი“);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი („შავი ლომი“), 2. შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 4. ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), 6. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“), 8. ბექა გორგაძე („პო“).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), 17. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), 18. გურამ პაპიძე („პო“), 19. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), 20. გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“); 21. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), 22. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 23. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“).

პორტუგალია

ხაზი: 15. ნუნუ გედეში, 14. რაფაელ სტორი, 13. პედრო ბეტენკური, 12. ტომას აპლეტონი (კაპ), 11. როდრიგო მარტა, 10. ჯერონიმო პორტელა, 9. სამუელ მარკეში.

შერკინება: 1. ფრანსისკო ფერნანდეში, 2. მაიკ ტაჯერი, 3. დიოგო ფერეირა, 4. ჟოზე მადეირა, 5. სტივი სერკეირა, 6. ჟოაო გრანატე, 7. ნიკოლა მარტინსი, 8. რაფაელ სიმოეში.

მარქაფა: 16. დავდ კოსტა, 17. ლიონელ კამპერგი, 18. ანტონი ალვეში, 19. მარტიმ ბელო, 20. დავიდ ვალისი, 21. ტიბო დე ფრეიტასი, 22. პედრო ლუკასი, 23. მანუელ პინტო.