რაგბის მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრებთან მატჩში პორტუგალიას ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება #1TVSPORT
23 სექტემბერს რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ტულუზში 16:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.
ამ მატჩში პორტუგალიის ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი – ვინსენტ პინტუ დააკლდება. უელსთან წაგებული შეხვედრის (8:28) ერთ-ერთ ეპიზოდში პინტუმ საჰაერო ორთაბრძოლის დროს უელსელ ჯოშ ადამსს სახეში ფეხი მიარტყა. არბიტრმა თვიდან პორტუგალიელის ქმედება წინასწარ განზრახულ უხეშობად არ მიიჩნია და მას ყვითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ მოგვიანებით სასჯელი წითელ ბარათამდე გადაკვალიფიცირდა.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშრებით სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა, არბიტრის გადაწყვეტილება სამართლიანად მიიჩნია და პინტუს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
პორტუგალიელებს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ. არის ალბათობა, რომ პინტუს სასჯელი ორ მატჩამდე შეუმცირდეს და 8 ოქტომბერს ფიჯის წინააღმდეგ თამაშის უფლება მისცენ, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ 23 სექტემბერს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.