რაგბის მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრებს კაპიტანი უბრუნდება - სამწვრთნელო შტაბმა უელსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
7 ოქტომბერს, ნანტში, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფის ბოლო შეხვედრას უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრები ამ მატჩს დანაკლისით ხვდება, ტრავმების გამო გუნდს თენგიზ ზამთარაძე, ლაშა ჯაიანი, მირიან მოდებაძე, ბექა გორგაძე და ლუკა ჯაფარიძე დააკლდნენ.
ფიჯისთან ბორდოში გამართული ბრძოლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი ცვლილებაა. ახალი სახეებია მარქაფაშიც. ტრავმა მოირჩინა და უელსთან „ბორჯღალოსნებს“ გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე უბრუნდება, რომელიც საქართველოს ნაკრებში 99-ე შეხვედრას ჩაატარებს.
ცენტრში შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. ღერძზე კვლავ ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი ითამაშებს, დავით ნინიაშვილმა და აკა ტაბუცაძემ ფრთებზე ადგილი შეინარჩუნეს, ფულბეკი კი გამოცდილი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელიც თავის მეოთხე მსოფლიო თასზე თამაშობს, თუმცა საფრანგეთში საქმეში პირველად ვიხილავთ. ხმალაძე 97-ე კეპს მოიხვეჭს.
შერკინების პირველ ხაზში ბრუნდება კვაჭი შალვა მამუკაშვილი (102 კეპი). მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მიმდინარე მსოფლიო თასზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშა. მარჯვენა ბურჯი კვლავ ბექა გიგაშვილი იქნება.
შერკინების მეორე ხაზში ბრუნდება და კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში კვლავ მიხეილ გაჩეჩილაძე, ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია ითამაშებენ.
მარქაფაშია „ბრივის“ კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც გუნდს ტრავმების ფონზე ახლახან შეუერთდა და მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველ თამაშს ჩაატარებს.
ბურჯის პოზიციაზე მარქაფიდან შევლენ ნიკა აბულაძე და ირაკლი აფციაური, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ფიჯისთან ჰქონდა. მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძე, ხოლო მესამეში გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება. ღერძზე და ხაზში შეცვლაზე არიან გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე და დემე თაფლაძე.
საქართველო
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“);
შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), 2. შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 4. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“), 8. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე („ბრივი“), 17. ნიკა აბულაძე („ექსეთერ ჩიფსი“), 18. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 19. ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), 20. გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“); 21. გელა აფრასიძე („ბეიონი“), 22. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 23. დემე თაფლაძე („შავი ლომი“).
უელსი
ხაზი: 15. ლიამ უილიამსი, 14. ლუის რის-ზამიტი, 13. ჯორჯ ნორტი, 12. ნიკ ტომპკინსი, 11. რიო დიერი, 9. ტომოს უილიამსი.
შერკინება: 1. გარეთ ტომასი, 2. დეივ ლაკი (კაპ), 3. ტომას ფრანცისი, 4. ვილ როულანდი, 5. დაფიდ ჯენკინსი, 6. აარონ უაინრაითი, 7. ტომი რეფელი, 8. ტულუპი ფალეტაუ.
მარქაფა: 16. ელიოტ დი, 17. ნიკ სმიტი, 18. ჯენრუ ტომასი, 19. კრის ტიუნზა, 20. ტაინ ბაშამი, 21. გარეთ დევისი, 22. სემ კოსტელო, 23. მეისონ გრიდი.