რაგბის მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასის C ჯგუფში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მესამე შეხვედრა ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 12:17 დამარცხდა.

 

თამაში ქართველმა მორაგბეებმა აქტიურად დაიწყეს, მეტოქეს შეუტიეს და მე-5 წუთზე ანგარიშიც გახსნეს – ლუკა მატკავამ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

თამაში საქართველოს ნაკრებისთვის უიღბლოდ გაგრძელდა – მე-16 წუთისთვის სამწვრთნელო შტაბს ორი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია, ჯერ თენგიზ ზამთარაძემ მიიღო ტრავმა და მის ნაცვლად მოედანზე ლუკა ნიორაძე შევიდა, შემდეგ კი ლაშა ჯაიანიც დაშავდა და მის ნაცვლად თამაშში ნოდარ ჭეიშვილი ჩაერთო.

მე-20 წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა დავით ნინიაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით გაზარდა – 6:0

ფიჯი გააქტიურდა და მწვავედ შემოგვიტია, ერთ ეპიზოდში ახლოსაც იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ საქართველომ თავი კარგად დაიცვა და ბოლო მომენტში კუნძულელები დაჯარიმდნენ.

31-წუთზე დავით ნინიაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საქართველო 9:0 დააწინაურა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც აკაკი ტაბუცაძემ ლელოთი დააგვირგვინა, მაგრამ არბიტრმა ბოლო მომენტში წინ თამაში დააფიქსირა და ლელო გაუქმდა, ტაიმი კი ქართველმა მორაგბეებმა 9:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის კარგად დაიწყო – არბიტრმა ფიჯელთა ერთ-ერთი ლიდერი სემი რადრადრა მოედნიდან 10 წუთით გააძევა. რიცხვობრივი უპირატესობის პირობებში საქართველოს ნაკრებმა აქტიურად შეუტია და ლელოს დადებაც შეეძლო, მაგრამ ხიფათი განიმუხტა.

„ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა ქულებში ვერ ასახეს და, სამაგიეროდ, ლელო აქეთ მიიღეს, ფიჯელების მწვავე შეტევა ნაიაკალევუმ ლელოთი დაასრულა, ლომანიმ კი ზუსტად გარდასახა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების თამაშში შეცდომებმა იმატა და 65-ე წუთზე დავჯარიმდით, ლომანი ამჯერადაც ზუსტი იყო და ფიჯი დააწინაურა – 10:9.

ფიჯელთა შეტევები სულ უფრო სახიფათო ხდებოდა. 67-ე წუთზე კუნძულელებმა კიდევ ერთი ლელო დადეს და ზუსტად გარდასახეს – 17:9.

ქართველი მორაგბეები ცდილობდნენ თამაშის გადარჩენას. შეხვედრის ბოლო წუთზე ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო შეასრულა და სხვაობა შეამცირა. ბოლო წუთზე ქართველებმა მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ ფიჯის ნაკრებმა თავი კარგად დაიცვა და მსოფლიო თასზე მეორე გამარჯვების მოიპოვა, რითიც კუნძულელებმა თითქმის გაინაღდეს მეოთხედფინალში თამაში. საქართველოს ნაკრებმა კი შვიდ ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ნუგეშის ქულა მოიპოვა და სამი ქულით მეოთხე ადგილზეა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 7 ოქტომბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩში ნანტში 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.