რაგბის მსოფლიო თასი | ლევან მაისაშვილი - პასუხისმგებლობა სრულად მაქვს გააზრებული #1TVSORT
რაგბის მსოფლიო თასი | ლევან მაისაშვილი - პასუხისმგებლობა სრულად მაქვს გააზრებული #1TVSORT

30 სექტემბერს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე მესამე მატჩს ფიჯის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ შეხვედრაში „ბორჯღალოსნებს“ ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე დააკლდებათ – ბექა გორგაძე და ლუკა ჯაფარიძე საფრანგეთში ვეღარ ითამაშებენ, ფიჯისთან თამაშს გამოტოვებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძეც.

ამ შეხვედრისთვის მზადებაზე და გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა, მორაგბეებმა მიხეილ ნარიაშვილმა (შარიქაძის არყოფნაში ნაკრების კაპიტანი ის იქნება) და ვასილ ლობჟანიძემ ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი – „გუნდში ყოველთვის საბრძოლო განწყობაა, ეს არასდროს, არცერთი თამაშის წინ არ გვაკლია. სამწუხაროა, რომ პორტუგალიასთან მეორე ტაიმში სათანადოდ ვერ შევძელით დაგეგმილის შესრულება. ზედმეტია საუბარი, რომ ვინმეს ამ მატჩში სათანადო განწყობა არ ჰქონდა.

მესმის, რომ რთულია ახლა ამ თამაშზე საუბარი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩვენგან მოგებას ელოდა. რამდენი მიზეზიც არ უნდა დავასახელო, ლაპარაკი არ უნდა, პორტუგალიასთან სულ რომ ცალი ფეხით ვყოფილიყავით, უნდა მოგვეგო. პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, განსაკუთრებით მე ეს სრულად მაქვს გააზრებული.

ჩვენთვის არაფერი მთავრდება, შემდეგი თამაში ფიჯისთან გვაქვს და ვემზადებით. დარწმუნებული ვარ, ვინც მოედანზე გავა, 100 პროცენტით მზადაა და ყველაფერს გაიღებს, რომ თავისი სახე აჩვენოს, რითიც ვამაყობთ და დიდი სურვილი გვაქვს, ამ მატჩის შემდეგ მთელმა ერმა ჩვენი თამაშით იამაყოს.

რაც შეეხება მერაბ შარიქაძეს, მას ტრავმა აქვს, ველოდებით ექიმების დასკვნას და გავიგებთ, რა სიმძიმისაა დაზიანება, ვიმედოვნებ, რომ სერიოზული არაფერი იქნება.

თუ ამ თამაშში სასურველი შედეგის მიღება გვინდა, უნდა მოვახერხოთ, ყველაგან ძლიერები ვიყოთ – დაცვაში, შეტევაში, შეჯგუფებაში, კონტრშეტევისას. ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს, ყველა ასპექტში კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ.

ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ თამაშის სტარტი იქნება მნიშვნელოვანი, 80 წუთი უნდა იყოს ბრძოლა, სულისკვეთება და თავგანწირვა, რის გარეშეც რაგბი არ არსებობს“.

მიხეილ ნარიაშვილი – „გუნდში საბრძოლო განწყობაა, ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად. ვფიქრობ, მოვახერხებთ მობილიზებას და სასურველი თამაშის ჩვენებას“.

ვასილ ლობჟანიძე – „ვყოფილვართ ასეთ მდგომარეობაში, წაგვიგია არგენტინასთან, სამოასთან, მაგრამ შემდეგ შევძელით მობილიზება და მოვუგეთ იტალიასა და უელსს. იმედი მაქვს, ასევე იქნება ახლაც და ფიჯისთან საუკეთესო შეხვედრას ჩავატარებთ“.