რაგბის მსოფლიო თასი | ლევან მაისაშვილი - ავსტრალიასთან დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT
8 სექტემბერს რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები ტურნირში 9 სექტემბრიდან ჩაერთვება და პირველ მატჩს „სტად დე ფრანსეზე“ ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მომავალ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა გააკეთა:
„ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ყველა მატჩში მოცემული მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობა ითამაშებს. ვთვლით, რომ ავსტრალიასთან მატჩისთვის 23 საუკეთესო მორაგბე შევარჩიეთ.
პირველ სექტემბერს ერთობლივი ვარჯიში გვქონდა ტონგასთან, რომელიც, ვთვლი, რომ ორივე გუნდისთვის სასარგებლო იყო. გაანალიზებული გვაქვს ავსტრალიის თამაში და ვიცით, რა უნდა დავუპირისპიროთ მეტოქეს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი თამაშის ჩვენებასა და შესაძლებლობების გამოყენებას. ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, მეტოქეს ხელი უნდა შევუშალოთ.
მიმაჩნია, რომ გუნდი ფიზიკურად კარგად არსის მომზადებული და ეს შოტლანდიასთან თამაშმაც დაგვანახა, სადაც სუფთა სათამაშო დრო 38 წუთი იყო და ფიზიკური მომზადების მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია.
მეორე ტაიმში მიღებული ლელოები იმან განაპირობა, რომ ბურთის ფლობისა და ტერიტორიის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა. ავსტრალიასთან დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:
9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო
23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო