საქართველოს რაგბის კავშირმა 2022 წელი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციაში გამორჩეულები დააჯილდოვა. რჩეულები გულშემატკივართა გამოკითხვით, სტატისტიკის საფუძველზე და მედიის, კლუბებისა და სპორტული საბჭოს წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ.
გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად 2022 წლის საუკეთესო მორაგბედ, ზედიზედ მეორედ (2021, 2022), დავით ნინიაშვილი დასახელდა. მას ასევე წლის საუკეთესო ლეგიონერის ჯილდოც გადაეცა.
ნინიაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ის „ლიონში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და მალევე იქცა გუნდის ლიდერად. 2020 წლიდან ის საქართველოს ნაკრების უცვლელი წევრიც გახდა. 2022 წელს ნინიაშვილმა ნაკრებში 10-დან 8 მატჩი ჩაატარა და ყველა მათგანში სასტარტო შემადგენლობაში იყო – ჯამში 606 წუთში 2 ლელო გაიტანა. „ბორჯღალოსანთა“ რიგებში 20 წლის ნინიაშვილის ანგარიშზე 17 კეპი და 33 ქულაა (6 ლელო, 1 ჯარიმა).
გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო ლელოდ თედო აბჟანდაძის მიერ იტალიასთან გატანილი პირველი ლელო დასახელდა.
თედო აბჟანდაძე ასევე წლის მექულე გახდა. მან გასული წლის განმავლობაში 10-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდს 119 ქულა შესძინა – 3 ლელო, 28 გარდასახვა და 16 ჯარიმა. თედომ 2018 წლიდან დღემდე 38 თამაშში 307 ქულა დააგროვა.
წლის დარტყმა 19 ნოემბერს კარდიფში ლუკა მატკავამ შეასრულა. ლუკა უელსთან შეცვლაზე 74-ე წუთზე შევიდა, 4 წუთში კი დაახლოებით 42 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა – 13:12. ეს მატკავასთვის მეორე სანაკრებო თამაში და პირველი ქულები იყო.
წლის დებიუტანტად 20 წლის ალექსანდრე ქუნთელია დასახელდა. ის ნოემბერში სამოასთან მატჩში 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, 5 წუთში კი სადებიუტო ლელოც გაიტანა. 19 ნოემბერს ქუნთელიამ უელსთანაც შეცვლაზე ითამაშა, მეტოქე მისავე შერკინებაში ორჯერ დააჯარიმა და კარდიფში ისტორიული გამარჯვებაში თავისი წვლილიც შეიტანა.
2022 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი ლელო აკაკი ტაბუცაძემ (7) გაიტანა. მან 8 თამაშში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე, ჯამში, 599 წუთი გაატარა. 2020 წლიდან დღემდე ტაბუცაძემ 23 თამაშში 19 ლელო მიითვალა.
რაგბის კავშირის რჩეული მოთამაშეები სანდრო თოდუა და ვასილ ლობჟანიძე გახდნენ. თოდუამ წლის განმავლობაში 8 თამაშში 3 ლელო გაიტანა (მათ შორის თითო-თითო იტალიასთან და უელსთან). ვასილ ლობჟანიძემ 9 თამაში ჩაატარა და 3 ლელო მიითვალა.
ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს სპეციალური პრიზი – „წლის კაპიტანი“ გადაეცა.
წლის მწვრთნელად „ბორჯღალოსნებისა“ და „შავი ლომის“ თავკაცი ლევან მაისაშვილი დასახელდა – მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2022 წელს ორი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ტიერ 1-ის გუნდებთან: ბათუმში — იტალიასთან და კარდიფში — უელსთან. ამას გარდა, მაისაშვილმა „შავ ლომს“ ორჯერ რაგბი ევროპის სუპერთასი მოაგებინა.
დაჯილდოვდნენ შვიდკაცა რაგბის მოთამაშეებიც – წლის საუკეთესო მორაგბის პრიზი ირკალი სიმსივეს გადაეცა. ქუთაისის „აიას“ მოთამაშემ, ფაქტობრივად, მთელი წელი შეუსვენებლად ჩაატარა და დუბაის საერთაშორისო ტურნირის ფინალში გამარჯვების არეკნიც გაიტანა.
წლის საუკეთესო ქალი მორაგბე ირმა გულიაშვილი გახდა.
დიდი 10-ის საუკეთესოები
საქართველოს ჩემპიონატის (დიდი 10) გასული სეზონის საუკეთესოების გამოსავლენად კლუბებს შორის გამოკითხვა ჩატარდა, ორი ნომინანტი კი სტატისტიკის საფუძველზე გამოვლინდა.
საუკეთესო მწვრთნელი – ვიქტორ დიდებულიძე („ყოჩები“, ბოლნისი);
საუკეთესო მორაგბე – ბექა ურჯუკაშვილი („ბათუმი“);
სტატისტიკის შედეგად საუკეთესო მექულე – მამუკა ნინიძე („ბათუმი“ 209 ქულა: 6 ლელო, 64 გარდასახვა, 17 ჯარიმა);
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე – ლევან ჭავჭავაძე („ხარები“, 16 ლელო);
ყველაზე სწრაფად განვითარებადი კლუბი – „ხვამლი“ (გასულ სეზონში „დიდ 10“-ში დაწინაურდა).