რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს
რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს

რაგბის კავშირის ახლად არჩეული პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს

როგორც ირაკლი აბუსერიძე ამბობს, რეესტრის გადაწყვეტილება მისი პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია და ეს დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გამოსწორდება.

„ყველა ის წერილი იქნება დართული, როგორც ყველა კანდიდატის, როცა ჩვენ მოვითხოვეთ გადადება, ასევე იყო მერე კარანტინი, მერე იყო შეზღუდვები და მთავრობის სარეკომენდაციო წერილი. ამის საფუძველზე იქნა მოთხოვნა მთავრობიდან, სარეკომენდაციო სახის იყო რა თქმა უნდა, რომ ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ჩატარებულიყო არჩევნები. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ და სამივე კანდიდატი ვიყავით ამაზე თანახმა“, – განაცხადა აბუსერიძემ.

კითხვაზე, რატომ აირჩიეს გამგეობის ახალი წევრები მაშინ, როცა ეს პირველ კრებაზე დღის წესრიგში არ იყო წარმოდგენილი, ირაკლი აბუსერიძე აცხადებს: „დღის წესრიგში შეიძლება რაღაც საკითხი არ იყოს, მაგრამ შეიძლება, რომელიმე სუბიექტმა დააყენოს რაიმე სახის საკითხი და ეს კენჭისყრაზე დგება“.

ირაკლი აბუსერიძე 30 დეკემბერს აირჩიეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად თვლიდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა, რათა არჩევნები არ დაკანონებულიყო.

ამასთან, ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერეს. როგორც საჯარო რეესტრში განმარტეს, „საქართველოს რაგბის კავშირმა“ პირველი კრება 2020 წლის 24 თებერვალს ჩაატარა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო, კრება ვერ შედგა. ასეთ შემთხვევაში წესდება უშვებს პირველ კრებაზე წარმოდგენილი საკითხების განმეორებით კრებაზე განხილვის შესაძლებლობას, ასეთ დროს განმეორებითი კრება არაუგვიანეს 30 დღეში უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამ ჩანაწერისა, ირკვევა, რომ განმეორებითი კრება არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 10 თვის შემდეგ ჩატარდა. სწორედ ეს გახდა ირაკლი აბუსერიძის განცხადების წარმოების შეჩერების ერთ-ერთი საფუძველი“.