რაგბი | შოტლანდიასთან შალვა მამუკაშვილი მე-100 მატჩს ჩაატარებს - ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 26 აგვისტოს ედინბურგში, შოტლანდიის ნაკრებთან ტესტმატჩით მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპს ასრულებს. თამაში თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
ამ შეხვედრისთვის „ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა.
აშშ-სთან მატჩისგან განსხვავებით, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. მარცხენა ბურჯად შემადგენლობაში დაბრუნდა მიხეილ ნარიაშვილი, მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე კი ადგილი ბექა გიგაშვილმა შეინარჩუნა.
მეორე ხაზში თამაშს იწყებს კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ამჯერად ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება. ერთი ცვლილებაა მესამე ხაზში – ფლანკერად ბრუნდება მიხეილ გაჩეჩილაძე, ლუკა ივანიშვილი და თორნიკე ჯალაღონია კი კვლავ სასტარტოში არიან.
შოტლანდიასთან თამაშს კვლავ ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა იწყებენ. გუნდის კაპიტანs, მერაბ შარიქაძეს ცენტრში ამჯერად დემე თაფლაძე შეუწყვილდება. კვლავ ძირთადში არიან ფულბეკი დავით ნინიაშვილი და ფრთა აკაკი ტაბუცაძე, ხოლო მეორე ფრთა მირიან მოდებაძე იქნება.
ტრავმის შემდეგ ბრუნდება და მარქაფაშია მგეზავი თედო აბჟანდაძე.
აღსანიშნავია, რომ შოტლანდიასთან მატჩი მეასე იქნება შალვა მამუკაშვილისთვის და ის მეექვსე მორაგბე გახდება, დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილის, სანდრო თოდუას, გიორგი ჩხაიძისა და ლაშა მალაღურაძის შემდეგ, ვისაც საქართველოს ნაკრებში 100 და მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე. 13. დემე თაფლაძე. 12 მერაბ შარიქაძე (კაპ). 11. მირიან მოდებაძე. 10. ლუკა მატკავა. 9. ვასილ ლობჟანიძე.
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი. 2. შალვა მამუკაშვილი. 3. ბექა გიგაშვილი. 4. ლადო ჩაჩანიძე. 5. კონსტანტინე მიქაუტაძე. 6. ლუკა ივანიშვილი. 7. მიხეილ გაჩეჩილაძე. 8. თორნიკე ჯალაღონია.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი. 18. გურამ პაპიძე. 19. ლაშა ჯაიანი. 20. სანდრო მამამთავრიშვილი. 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. გიორგი კვესელაძე.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:
9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო
23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო