„შავმა ლომმა“ ჩელენჩ თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა შოტლანდიაში, „ედინბურგთან“ ჩაატარა და 15:36 დამარცხდა.
„ედინბურგმა“, რომლის შემადგენლობაში მრავლად არიან შოტლანდიის ნაკრების მორაგბეები, თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო და ანგარიში უკვე მეორე წუთზე ლელოთი გახსნა. პირველი ტაიმის საწყის წუთებში ქართველ მორაგბეებს თამაშის დალაგება გაუჭირდათ, მეტოქემ კი ჯარიმა გაიტანა და უპირატესობის გაზარდა. პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა (ლუკა მატკავა) მოახერხეს, შოტლანდიელებმა კი კიდევ ორი ლელო დადეს და პირველი ნახევარი 24:3 მოიგეს.

პირველი ტაიმის ბოლოს შოტლანდიური გუნდი კაცნაკლული დარჩა – არბიტრმა მათ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა.
შოტლანდიელებმა თამაშის მეორე ნახევარიც სწრაფი ლელოთი გახსნეს და კიდევ უფრო დაწინაურდნენ – აღსანიშნავია, რომ ამ დროს „შავი ლომის“ ერთი მოთამაშე 10 წუთით იყო გაძევებული და ქართველებიც 14 მორაგბით იყვნენ მოედანზე.

მატჩის ბოლომდე დარჩენილ დროში ქართველმა მორაგბეებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს – თავი ქვათაძემ და აფციაურმა გამოიჩინეს, საბოლოოდ კი „ედინბურგმა“ შეხვედრა 36:15 მოიგო.
ამრიგად, „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის მიმდინარე გათამაშება ერთი მოგებითა და სამი წაგებით დაასრულა.