ისტორიული მატჩი - საქართველოს ნაკრებმა უელსი კარდიფში დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტები ლამაზი გამარჯვებით დააგვირგვინა. „ბორჯღალოსნებმა“ „ტიერ 1“-ის წარმომადგენელი მეორე ნაკრები დაამარცხეს. პირველ შემთხვევაში ეს ბათუმში მოახერხეს, როდესაც იტალიას მოუგეს (28:19), ამჯერად კი სტუმრად უელსის ნაკრებს სძლიეს – 13:12.
ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-3 წუთზე გახსნა, ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი ლელო გაიტანა და ტაიმი 12:3 მოიგო.
მატჩის მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ თამაში თანდათან გამოასწორეს.
მე-60 წუთზე ჩვენმა ნაკრებმა კარგი შეტევა განახორციელა. მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში შერკინებიდან ბურთი სწრაფად გამოიტანა, ვასილ ლობჟანიძემ შეტევა ფრთაზე გაშალა და ბურთი გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გადააწოდა, მან კი აბჟანდაძე მოძებნა, რომელმაც ფეხით კარგად გადაუკიდა ბურთი თოდუას, რომელმაც შეტევა ლელოთი დააგვირგვინა, თედომ კი შედეგიანად გარდასახა და ანგარიში 12:10 გახდა.
ლელოს შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კვლავ აქტიურად განაგრძო თამაში. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე აბჟანდაძეს „ბორჯღალოსნების“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ჯარიმა არაზუსტი გამოდგა.
74-ე წუთზე უელსელებმა შეტევა ლელოთი დაასრულეს, მაგრამ გადამოწმების შემდეგ გამოჩნდა, რომ მასპინძლებმა წინ თამაშის წესი დაარღვიეს და ლელო არ ჩაითვალა.
შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე საქართველომ, უელსელებს წესების დარღვევა აიძულა, ჯარიმა კი შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამ უნაკლოდ შეასრულა და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე გახდა.
ამრიგად, ნოემბრის ტესტები საქართველოს ნაკრებმა ორი მოგებითა და ერთი მარცხით დაასრულა – თბილსში მოუგო ურუგვაის (34:18) და დამარცხდა სამოასთან (19:20). უელსში გამარჯვებით კი რაგბის ელიტაში შესასვლელად კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი გააკეთა.
მსოფლიო რაგბი მატჩს ასე გამოეხმაურა – „საქართველოს იტორიული გამარჯვება კარდიფში“.