იოსებ ტყემალაძე - საქართველოს ნაკრებს განვითარებისთვის მაღალი დონის გუნდებთან ტესტმატჩები სჭირდება #1TVSPORT
იოსებ ტყემალაძე - საქართველოს ნაკრებს განვითარებისთვის მაღალი დონის გუნდებთან ტესტმატჩები სჭირდება #1TVSPORT

გამოცემა „დეილი მეილი“ საქართველოსა და ინგლისის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის დაწყების შესახებ სტატიას აქვეყნებს. მხარეებს შორის პატრნიორობა ბევრ საინტერესო მიმართულებას მოიცავს.

 

„საქართველოსა და ინგლისის რაგბის კავშირები თანამშრომლობის ახალ ფაზაში გადადიან, რომელშიც ინგლისელი მწრთნელებიც ჩაერთვებიან. ინიციატივა ითვალისწინებს დახმარებას საქართველოს რაგბის სტრუქტურის გამართვაში. შესაძლებელია, ინგლისელმა მწვრთნელებმა საქართველოში იმუშაონ. ასევე იგეგმება მოთამაშეების მივლინება ინგლისის პრემიერლიგის კლუბებში. ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები საქართველოში გაემგზავრება და ქართველ 20-წლამდელებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა ორი გამარჯვება მოიპოვა ტიერ 1-ის გუნდებთან – ქართველებმა ბათუმში დაამარცხეს იტალიის ნაკრები, კარდიფში კი უელსს სძლიეს, რითიც ხმამაღალი განაცხადი გააკეთეს რაგბის მსოფლიო ელიტაში დასამკვიდრებლად.

ნოემბერში ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბილ სვინი საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ისაუბრეს მომავალი პარტნიორობის შესახებ, რომელიც რამდენიმე საინტერესო ინიციატივას ითვალისწინებს.

იოსებ ტყემალაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი):

„შევთანხმდით რამდენიმე საინტერსო საკითხზე. ჩვენი 20-წლამდელებისთვის ინგლისის ნაკრებთან თამაში დიდი გამოცდილებაა. ასევე, სხვა მიმართულებითაც ვმუშაობთ, მინდა, ამისთვის მადლობა გადავუხადო ინგლისის რაგბის კავშირსა და მის აღმასრულებელ დირექტორს.

ეს პარტნიორობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ ინგლისურ კლუბებში ჩვენს ახალგაზრდა მორაგბეებს დააკვირდნენ, ამ კუთხით გარკვეული შეთანხმებაც მიღწეულია და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. ეს თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ჯო ვორზლი საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ცოტა ხნის წინ ინგლისურ „ექსეტერში“ ნიკა აბულაძე ჩაირიცხა. „ბორჯღალოსნებს“ იშვიათად უწევთ თამაში პირველი დონის ნაკრებების წინააღმდეგ.

საქართველოს ნაკრები არ მოიაზრება რაგბის საერთაშორისო ლიგის მომავალ გეგმებში, რომლის მატჩებიც ზაფხულსა და შემდგომის ტესტების დროს გაიმართება. ახალი ფორმატის მიხედვით, ექვსი ერისა და რაგბის ჩემპიონატის ოთხ ნაკრებს ფიჯისა და იაპონიის გუნდები დაემატებიან.

„ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციას ამ ახალი ტურნირის წინააღმდეგ და ვიმედოვნებთ, რომ, რაგბის ინტერესებიდან გამომდინარე, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რამდენჯერმე ვესაუბრეთ მსოფლიო რაგბის წარმომადგენლებს. საქართველოს ნაკრებს განვითარებისთვის სჭირდება ტესტმატჩები მაღალი დონის გუნდებთან. თუ რაგბის ერთიანი ოჯახი ვართ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ მის განვითარებაზე, ჩვენ გვჭირდება თამაშები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან. გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ტიერ 1-ის გუნდებს, ჩვენ დავამარცხეთ იტალია შინ და უელსი – კარდიფში. ვისურვებდით, რომ ჩატარდეს გადასასვლელი თამაშები ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და რანგით დაბალი ლიგის პირველადგილოსან გუნდებს შორის. ჩვენი თანამშრომლები ჩაერთნენ ამ მხრივ დისკუსიებში, იყო ღია მოლაპარაკებები.

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეექვსედ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშება  და ახლა მოუთმენლად ელის მსოფლიო თასის დაწყებას, სადაც გაცილებით უფრო მაღალი დონის მეტოქეებთან მოუწევს შერკინება. 2019 წლის მსოფლიო თასზე ერთი თამაში მოვიგეთ, ამჯერად ჩვენი მიზანია ორი თამაშის მოგება. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი გამოცდილება იქნება, სადაც შევძლებთ, ყველას დავანახოთ, რა შეგვიძლია. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, სწორედ ამიტომ არის რაგბი საინტერესო და გვჩუქნის დიდ ემოციებს“, – დასძინა იოსებ ტყემალაძემ.