ზურიკო დავითაშვილი ბორდოში ქართველ მორაგბეებს შეხვდა და ფიჯისთან თამაშის წინ წარმატება უსურვა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი ბორდოში ქართველ მორაგბეებს შეხვდა და ფიჯისთან თამაშის წინ წარმატება უსურვა #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და „ბორდოს“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ესტუმრა, რომელიც ბორდოშია და მსოფლიო თასზე ფიჯისთან სათამაშოდ ემზადება.

დავითაშვილის გუნდი „ბორდოც“ და „ბორჯღალოსნებიც“ თამაშს 30 სექტემბერს გამართავენ. ზურიკო ქართველების შეხვედრას ვერ დაესწრება, თუმცა მორაგბეებს სასტუმროში ეწვია და წარმატებები უსურვა. ფეხბურთელს სამახსოვროდ „ბორჯღალოსნების“ 9-ნომრიანი მაისური გადასცეს.

ზურიკო დავითაშვილმა სოციალურ ქსელში ამ შეხვედრასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.

„დღეს ბორდოში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ვესტუმრე. ჩვენი ბიჭები 30 სექტემბერს ჩემს ქალაქში ფიჯის დაუპირისპირდებიან.

რადგანაც ხვალ მეც თამაში მაქვს, სამწუხაროდ, მატჩზე დასწრებას ვერ მოვახერხებ, თუმცა მერგო პატივი, მივსულიყავი მათთან სასტუმროში და ისინი პირადად გამეცნო.

მადლობა ბიჭებს ნაკრების მაისურისთვის. წარმატებები ფიჯისთან შეხვედრაში. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენ გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ“, – წერს ზურიკო დავითაშვილი.