რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ორი მოთამაშე საერთაშორისო სერიის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 18-წლამდე მორაგბეთა საერთაშორისო სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ტურის შეხვედრა მასპინძელთა 18-წლამდე A ნაკრებთან გამართა და 19:57 დამარცხდა.
მეორე ტურის მატჩების შემდეგ, სარაგბო გამოცემა Nextgenxv-მა სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი მორაგბე – გიორგი ბერძენიშვილი და მათე ბერუაშვილი მოხვდა.
გამოცემა უმცროს „ბორჯღალოსნებს“ ახასიათებს:
გიორგი ბერძენიშვილი
„ინგლისთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, უმცროს „ბორჯღალოსნებს“ რთული გამოცდა ელოდათ – მათი მეტოქე სამხრეთ აფრიკის A ნაკრები იყო, რომელიც პირველ ტურში ირლანდიასთან დამარცხდა და ქართველებთან მხოლოდ გამარჯვებას გეგმავდა.
გიორგი ბერძენიშვილი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში შევიდა და თამაშის სურათი საგრძნობლად შეცვალა. მისი მოქმედებები სტანდარტულ სიტუაციებს სტაბილურობას სძენდა, შეტევაში კი ახალ ენერგიას აძლევდა გუნდს. შეხვედრის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა, ამ გარდატეხაში კი ბერძენიშვილის წვლილი აშკარა იყო“.
მათე ბერუაშვილი
„ბერუაშვილი მრავალმხრივი მორაგბეა, მას შეუძლია ითამაშოს ხუთ, შვიდ და რვა ნომერზე. სამხრეთ აფრიკასთან მატჩში სწორედ რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშა, მოედანზე 70 წუთი გაატარა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ის დაუღალავად მუშაობდა და ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდა. მისი შრომისმოყვარეობა და თავდადება საქართველოს ნაკრებისთვის მთელ რიგ ეპიზოდებში გადამწყვეტი აღმოჩნდა“.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მესამე მატჩს 16 აგვისტოს ირლანდიასთან გამართავს – შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.