რაგბი | ლევან მაისაშვილი - ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიეთ #1TVSPORT
8 სექტემბერს საფრანგეთში რაგბის მსოფლიო თასი იწყება. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ტურნირისთვის საბოლოო, 33-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა და შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ ტესტმატჩზეც ისაუბრა.
„თავიდანვე ვთქვი, რომ ეს იყო მოსამზადებელი და არა სასელექციო შეკრება, რის გამოც ძალიან ცოტა კითხვის ნიშანი გვქონდა. არჩევანი იყო გასაკეთებელი მესამე ხაზში. ასევე უნდა გადაგვეწყვიტა 19 მორკინალით და ხაზის 14 მოთამაშით წავიდოდით მსოფლიოზე თუ არჩევანს 18/15-ზე გავაკეთებდით. საბოლოოდ 19 მორკინალი შევარჩიეთ, რადგან მესამე ხაზში ტრავმების გამო ლიმიტირებული მოთამაშეები გვყავს. ამ მორაგბეებს დიდი ხანია ვაკვირდებით, მათი შესაძლებლობები კარგად ვიცით და ვთვლი, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო 33 მოთამაშე შეირჩა.
ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ვისურვებდი, რომ ოთხი ტესტმატჩი გვქონოდა ან ორი შეხვედრა ჩაგვეტარებინა ტიერ 1-ის გუნდებთან, მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშემ გასახურებელ მატჩებში მონაწილეობა ვერ მიიღო, თუმცა მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ.
1-ელ სექტემბერს ერთობლივი ვარჯიში გვექნება ტონგასთან, რის შემდეგაც სრულად გადავერთვებით მსოფლიო თასზე ავსტრალიასთან მატჩისთვის მზადებაზე“.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 26 აგვისტოს, „მარიფილდზე“, შოტლანდიის ნაკრებთან გამართული ბოლო ტესტმატჩიც შეაფასა:
„წელს შოტლანდია მზარდი და პროგრესირებადი გუნდია, რომელიც დაბალანსებულად, სწრაფად და ჭკვიანურად თამაშობს. სამწუხაროდ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, არ გვქონდა ბურთის ფლობა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. მეტოქემ კარგად წაიკითხა ჩვენი დერეფანი და ხუთი მოწოდება დავკარგეთ. შოტლანდიასთან პირველ ტაიმში ვითამაშეთ როგორც ტიერ 1-ის დონის გუნდმა, რაც მეორე ტაიმში აღარ გამოგვივიდა. ამ შეხვედრის ანალიზი მსოფლიო თასის წინ აუცილებლად დაგვეხმარება“.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:
9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო
23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო