რაგბი | კიდევ ერთხელ დავწერეთ ისტორია - ლევან მაისაშვილმა უელსთან მატჩი შეაფასა #1TVSPORT
რაგბი | კიდევ ერთხელ დავწერეთ ისტორია - ლევან მაისაშვილმა უელსთან მატჩი შეაფასა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა კარდიფში, უელსის ნაკრებთან მოგების (13:12) შემდეგ, პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა.

 

„ზედმეტია, ალბათ, იმაზე საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს თამაში, პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენისთვის. ქართველები ასეთი ხალხი ვართ, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობთ. შეკრების დაწყებისთანავე ვუთხარი ბიჭებს, რომ ეს თამასა მათი აწეული იყო და ახლა მის კიდევ უფრო მაღლა აწევაზე ეფიქრათ.

როგორც ყოველთვის, ჩვენ ამ თამაშისთვის გეგმა გვქონდა. უელსის მსგავს გუნდებს ახასიათებთ, რომ თავიდანვე მოიპოვონ უპირატესობა, ხშირად აღწევენ კიდეც მიზანს. ჩვენი გეგმა ზუსტად ეს იყო, რომ მათთვის ხელი შეგვეშალა საკუთარი ჩანაფიქრის განხორციელებაში და ეს შევძელით. თავიდანვე შეგვეძლო ლელოს გატანა, ანგარიშიც ჩვენ გავხსენით.

ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბოლომდე იბრძოლეს, პირველი ტაიმის ანგარიში კი ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იყო, რომ მეორე ნახევარში დავლოდებოდით ჩვენს შანსს და წარმატებაზე გვეფიქრა.

კარგად ჩაერთვნენ შეხვედრაში ჩვენი სათადარიგოები, ახალი ძალა და მუხტი შეიტანეს თამაშში. მეორე ნახევარში თამაშის მართვა მოვახერხეთ და საბოლოოდ, ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დავწერეთ ისტორია, რისთვისაც მინდა მადლობა ვუთხრა ბიჭებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში მინაწილეობდა“ – განაცხადა ლევან მაისაშვილმა.