რაფაელ ნადალი - კარლოს ალკარასთან ერთად ოლიმპიადაზე თამაშის იდეა მომწონს #1TVSPORT
რაფაელ ნადალი - კარლოს ალკარასთან ერთად ოლიმპიადაზე თამაშის იდეა მომწონს #1TVSPORT

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა თავისი გეგმების შესახებ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ვებგვერდთან ისაუბრა.

ნადალს მოსწონს იდეა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა თანრიგში თანამედროვე ჩოგბურთის ვარსკვლავთან, კარლოს ალკარასთან ერთად ითამაშოს.

„ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ალკარასთან ერთად ოლიმპიადაზე თამაშის იდეა მომწონს.

ეს მოტივაციის შესანიშნავი წყარო იქნებოდა. კარლოსმა უკვე ძალიან ბევრს მიაღწია და ნათელი მომავალი აქვს“, – განაცხადა ნადალმა.

20 წლის კარლოს ალკარასმა უკვე მოიგო დიდი სლემის ორი ტურნირი. ის ასევე იყო მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ამჟამად კი კლასიფიკაციაში მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს ჩამორჩება.

რაც შეეხება ნადალს, დიდი სლემის ტურნირების 22 გზის ჩემპიონს იანვრის შემდეგ არ უთამაშია. სავარაუდოდ, ის 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნდება. 2008 წელს ოლიმპიურ თამაშებზე მან ოქროს მედალი ერთეულთა თანრიგში მოიპოვა, ხოლო 2016 წელს – წყვილებში.