რაფაელ ნადალი ახალი ტრავმის გამო ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ გამოტოვებს 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობას.
ესპანელმა ჩოგბურთელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო ბრისბენის ტურნირის მეოთხედფინალში, რომელშიც ის სამ სეტში დამარცხდა ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონთან.
„მელბურნში სამედიცინო გამოკვლევა ჩამიტარდა. აღმომიჩინეს კუნთის მცირედი გაწყვეტა. ეს ის კუნთი არ არის, რომელიც შარშან მქონდა დაზიანებული. ეს კარგი ამბავია. მაგრამ ახლა არ ვარ მზად, ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი ვაჩვენო 5-სეტიან მატჩებში. უკან ესპანეთში ვბრუნდები, რათა მკურნალობის კურსი გავიარო და დავისვენო.
მთელი წელი ბევრი ვიმუშავე დაბრუნებისთვის. სამწუხაროდ, ვერ შევძლებ ვითამაშო მელბურნში წარმოუდგენელი გულშემატკივრების წინაშე. ვინარჩუნებ პოზიტიურ განწყობას და მოხარული ვარ, რომ ავსტრალიაში რამდენიმე მატჩის ჩატარება მაინც მოვასწარი. მალე შევხვდებით“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნადალმა.