რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთში მიიწვია უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროვდი, რომელსაც უნგრეთმა შეზღუდვები დაუწესა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთში მიიწვია უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროვდი (მადიარი), რომელსაც უნგრეთმა შეზღუდვები დაუწესა.
როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მაშინ, როდესაც რუსული რაკეტები თავს ესხმიან კიევს, უნგრეთი უკრძალავს ქვეყანაში შესვლას მამაც ეთნიკურად უნგრელს, რომელმაც გადაწყვიტა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა.
„მეთაურო მადიარ: თქვენ თუ დასვენება და აღდგენა გჭირდებათ და უნგრეთი არ გიშვებთ, იყავით ჩვენი სტუმარი პოლონეთში“, – დაწერა სიკორკსიმ სოციალურ ქსელ X-ში.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთსა და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალეს იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელიც პასუხისმგებელია მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმაზე. უნგრელი დიპლომატის თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინამ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა მილსადენ „დრუჟბაზე“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგებისთვის.