უნგრეთში შესვლა აუკრძალეს იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელმაც მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმა განახორციელა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს იმ უკრაინული სამხედრო დანაყოფის მეთაურს, რომელმაც მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ სიიარტომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
უნგრელი დიპლომატის თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინამ რამდენიმე თავდასხმა განახორციელა მილსადენ „დრუჟბაზე“, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგებისთვის.
„მილსადენი „დრუჟბის“ გარეშე უნგრეთის ნედლი ნავთობით მომარაგება შეუძლებელია. უკრაინამ ეს კარგად იცის. უკრაინამ იცის, რომ „დრუჟბის“ მილსადენს დიდი მნიშვნელობა აქვს უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სიიარტომ.
ამასთან, სიიარტომ უკრაინა დაადანაშაულა, რომ ეს თავდასხმები უპირველესად უნგრეთს და სლოვაკეთს აზიანებს და არა – რუსეთს.
„მილსადენ „დრუჟბაზე“ ბოლო თავდასხმა უკიდურესად სერიოზული იყო. სარემონტო სამუშაოები იმდენად დიდხანს გაგრძელდა, რომ თითქმის მოგვიწია ჩვენი სტრატეგიული, ანუ საგანგებო რეზერვების გამოყენება“, – აღნიშნა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბუდაპეშტი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ყველა თავდასხმას სუვერენიტეტზე თავდასხმად მიიჩნევს და ამიტომ გადაწყვიტეს, უნგრეთსა და მთელ შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს იმ სამხედრო ნაწილის მეთაურს, რომელმაც ბოლო დროს „დრუჟბაზე“ თავდასხმები განახორციელა
„და, რა თქმა უნდა, ჩვენს სუვერენიტეტზე თავდასხმა შედეგების გარეშე არ დარჩება. უკრაინის ამ მოქალაქეს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნგრეთსა და შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალება. ყველა, ვინც ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ან ჩვენს სუვერენიტეტს ესხმის თავს, შედეგებს უნდა ელოდოს“, – აღნიშნა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი მომავალშიც გააგრძელებს ეროვნული ინტერესების დაცვას.
გარდა ამისა, როგორც უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ უნგრულ მედიაზე დაყრდნობით წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისში დაადასტურეს, რომ უკრაინელი სამხედრო მეთაური, რომელსაც ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს, ეთნიკურად უნგრელი რობერტ ბროვდია, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელად „მადიარი“. რობერტ ბროვდი უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურია.