რა ხდება დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმის ადგილზე [ფოტო]
რა ხდება დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმის ადგილზე [ფოტო]

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც გრიგოლ გუგეშაშვილის მეგობრები ვარაუდობენ, მომხდარი შესაძლოა, დოდო გუგეშაშვილის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

გუგეშაშვილის ახლობლების ინფორმაციით, გრიგოლ გუგეშაშვილი ამ დროისთვის უმუშევარი იყო, თუმცა იქამდე ვეტერანთა დახმარების სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა. რაც შეეხება დოდო გუგეშაშვილს, ის ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელია.

შსს-ში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც გუგეშაშვილებს თავს დაესხა, სავარაუდოდ ოჯახს იცნობდა.

„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, – აცხადებენ შსს-ში.

ასევე, შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

ფოტო – დავით ბანცაძე