ქუთაისს გლაზგო „რეინჯერსის“ ყოფილი კაპიტანი ესტუმრა – უკვე ერთი წელია, „ტორპედოს“ აქტიურად ვაკვირდები #1TVSPORT
ქუთაისს გლაზგო „რეინჯერსის“ ყოფილი კაპიტანი ესტუმრა – უკვე ერთი წელია, „ტორპედოს“ აქტიურად ვაკვირდები #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ავსტრალიის ეროვნული ნაკრებისა და შოტლანდიური „რეინჯერსის“ ყოფილი მცველი კრეიგ მური ეწვია. მან 10 სეზონი გაატარა შოტლანდიურ გრანდში, რომლის კაპიტანიც გახლდათ და ექვსი ტიტულის მოპოვებაც მოახერხა.

„რეინჯერსში“ მურის თანაგუნდელები საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები – შოთა არველაძე და ზურაბ ხიზანიშვილი იყვნენ. კარიერის განმავლობაში ავსტრალიელმა ასევე ითამაშა „ნიუკასლში“, „კრისტალ პალასსა“ და „გლადბახში“, ავსტრალიის ნაკრების რიგებში კი 50-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

ქუთაისში ვიზიტისას კრეიგ მურმა მოინახულა გუნდის საწვრთნელი ბაზა, დაესწრო „ტორპედოს“ მატჩს, ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და წარმატება უსურვა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ შესახებ ვიცი, რომ საკმაოდ ძლიერი კლუბია, რომლის მიზანია უკეთეს დონეზე გადასვლაა. მოვინახულე გუნდის ბაზა, სადაც სერიოზული სამუშაოა გაწეული – შექმნილია ძალიან კარგი აკადემია. კლუბს არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ გრძელვადიანი გეგმებიც აქვს და ეს პროექტი უკვე განხორციელების პროცესშია.

უკვე ერთი წელია, „ტორპედოს“ აქტიურად ვაკვირდები. მქონია კომუნიკაცია ქართველ აგენტ ზაზა დიდბერიძესთან, რომლის წყალობითაც კლუბის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გამაჩნია. ვიცი, რომ გასულ სეზონში „ტორპედომ“ მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ახლა მიზანი ჩემპიონობაა. გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ და ვიმედოვნებ, მიმდინარე სეზონი პოზიტიური იქნება.

ფეხბურთელობის დროს გამიმართლა და შოთა არველაძესთან ერთად „რეინჯერსში“ ვითამაშე – ის საოცარი ტალანტი იყო, ძალიან ტექნიკური ფეხბურთელი. ასევე, იმ გუნდის წევრი იყო ზურაბ ხიზანიშვილი, რომელიც ახლა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. მასთან ხშირად ვკონტაქტობ.

დღეს საფეხბურთო აგენტად ვმუშაობ, ვაკვირდები მსოფლიოს ჩემპიონატებს და ვეძებ ტალანტებს. ქართული ფეხბურთი პროგრესირებს და ძალიან საინტერესოა – მას ნამდვილად შეუძლია ძლიერი მოთამაშეების მიწოდება ევროპული დონის ჩემპიონატებისთვის“, – განაცხადა კრეიგ მურმა.