ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა – „ტორპედომ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული დაპირისპირების პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა. ანგარიში კი 54-ე წუთზე გაიხსნა – ბიორნ იონსენმა მოედნის ცენტრში გადაცემა ჩაჭრა, შეტევა პაატა ღუდუშაურმა გააგრძელა, რომლის გადაცემაც ზუსტი დარტყმით ნორვეგიელმა თავდამსხმელმა დააგვირგვინა.
ბათუმის „დინამო“ თამაშის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ ქუთაისელები თავს კარგად იცავდნენ. 90-ე წუთზე არბიტრმა ბათუმელთა თავდამსხმელი, ირაკლი რუხაძე გააძევა, კაცნაკლულ „დინამოს“ კი შეტევებისთვის ძალა აღარ დარჩა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.
ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, 21 ქულა დააგროვა, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერთა სამეულთან ჩამორჩენა ორ ქულამდე შემაცირა.