ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ ივანე გიგიაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზი იძულებით დაატოვებინეს
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ ივანე გიგიაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზი იძულებით დაატოვებინეს

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ ივანე გიგიაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მანდატურებმა იძულებით დაატოვებინეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ივანე გიგიაძე პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების მოსმენის დროს ხმაურიანი შეძახილებით გამოვიდა, რის გამოც ის მანდატურებმა სასამართლო დარბაზიდან დროზე ადრე გაიყვანეს.

„არა ვარ დამნაშავე, უნდათ ციხეში გამომკეტონ, იქ მომკლავენ“, – განაცხადა დარბაზიდან გასვლის დროს გიგიაძემ.

დაკავებულის ადვოკატმა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან წესრიგის დარღვევის გამო ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ ბრალდებული დაკავებამდე ძლიერ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს იღებდა, იზოლატორში კი აღნიშნულის საშუალება არ არის, რის გამოც მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.