ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 10 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

სხდომა სამ ნაწილად არის ჩანიშნული. ახლა ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის, ივანე გეგიაძის, ზაალ ახვლედიანისა და შოთა კეკელიძის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მინდია ლავასოღლი პროცესს არ ესწრება.

„მინდიას უნდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ არ აძლევენ საშუალებას, რაც სამართლებრივად ნონსენსია. მთხოვა, გადმომეცა, რომ დაკავებულ პირებს მასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ლავასოღლის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

სასამართლო დღეს მტკიცებულებათა დასაშვებობაზე იმსჯელებს. ამავე ბრალდებით დაკავებული კიდევ ექვსი პირის სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღესვე ორ ნაწილად გაიმართება.

დაკავებულებისთვის წაყენებული ბრალი 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 10 პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და აჭარის რეგიონში, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით 18 ივლისს დააკავეს.