„ქრუსეიდერსი“ მორიგ ტიტულს მიუახლოვდა - ისტორიაში პირველი „სუპერ დრო“ ავსტრალიურ „ზე რაგბიში“ ვიხილეთ
„ქრუსეიდერსი“ მორიგ ტიტულს მიუახლოვდა - ისტორიაში პირველი „სუპერ დრო“ ავსტრალიურ „ზე რაგბიში“ ვიხილეთ

ახალ ზელანდიური „ზე რაგბის“ მერვე ტურის პირველ მატჩში მოგების გარეშე მოასპარეზე „ჩიფსმა“ ჰამილტონში „ქრუსეიდერსი“ მიიღო და ანგარიშით 19:32 დამარცხდა.


მატჩის გადამწყვეტი ეპიზოდი მე-60 წუთზე ვიხილეთ. „ჯვაროსნებმა“ მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრეს, ვილ ჯორდანმა გადაცემა ქვინტენ სტრეინჯს ამოუგდო, რომელსაც თითქოს წინ დაუვარდა და შერკინება უნდა დანიშნულიყო, მაგრამ ბურთი სივუ რისმა აიტაცა და მეტოქის ლელოში დაამიწა. ვიდეო-არბიტრმა ლელო ჩათვალა, რითაც „ჩიფსის“ გულშემატკივრების და მატჩის კომენტატორების გაოცება გამოიწვია. „ქრუსეიდერსს“ სატურნირო ცხრილში 24 ქულა აქვს და კვლავ პირველ ადგილზეა. გათამაშების დასრულებამდე ორი ტური რჩება და „ჯვაროსნებს“ უმთავრეს კონკურენტზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.


„სუპერ რაგბი აოტეაროა“-ს მერვე ტურის მეორე მატჩიც მასპინძელმა დათმო. „ჰაილენდერსი“ „ბლუზს“ შინ დაუხვდა და დაპირისპირება ანგარიშით 21:32 წააგო.


ოქლენდელებმა „მთიელებს“ ტურის საუკეთესო ლელო დაუდეს. მე-10 წუთზე „ლურჯებმა“ ბურთი საკუთარ ნახევარზე მოიპოვეს და ფინლეი კრისტიმ ბოდენ ბარეტს გადააწოდა. ბოდენმა მახვილგონივრულად იმოქმედა და ფეხით ოსტატური გადაცემა გაუკეთა ქეილებ კლარკს, რომელიც მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. კლარკმა იოანეს უპასა, რომელმაც შიგნით იერიშის წამომწყები კრისტი მონახა – ცხრა ნომერს ბურთის დამიწება აღარ გასჭირვებია. „ბლუზს“ 22 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.


ავსტრალიურ „სუპერ რაგბიში“ მეხუთე ტურის მატჩები ჩატარდა და ლიდერების დაპირისპირება გაიმართა. „ბრამბიზმა“ საკუთარ მოედანზე „რედსს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 22:20 დაამარცხა. „ბრამბიზი“ სატურნირო ცხრილს სათავეში 18 ქულით უდგას, „წითლებს“ კი 11 ქულა აქვს.


აუტსაიდერი „ვესტერნ ფორსი“ „რებელსს“ დაუპირისპირდა და სწორედ ამ მატჩში იხილა მაყურებელმა ისტორიული ფაქტი. კერძოდ, „ზე რაგბის“ წლევანდელ სეზონში მიიღეს ახალი წესი – „სუპერ დრო“. შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი დრო და ის გუნდი იგებს, რომელიც ქულას პირველი მოიპოვებს. „ფორსის“ და „რებელსის“ მატჩი ფრედ, ანგარიშით 20:20 დასრულდა, მაგრამ მელბურნელებმა ისტორიაში პირველი „სუპერ დროის“ მეორე წუთზევე დადეს ლელო და შეხვედრა ანგარიშით 25:20 მოიგეს. „რებელსი“ 10 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო „ფორსი“ აშკარა აუტსაიდერია და ორი ქულით ბოლო ადგილს იკავებს.